2020 წლის აგვისტოში, ბელარუსი ხალხი ქუჩაში გამოვიდა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. მოძრაობა მალევე იქცა ქვეყნის ისტორიაში უდიდეს პროტესტად და საბოლოოდ მაინც ძალით ჩაახშეს — დააპატიმრეს, სცემეს და სასამართლო დევნა წამოიწყეს ათასობით დემონსტრანტის მიმართ. ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის გაძლიერებული დეზინფორმაციული კამპანია კვლავ მოქმედებს ბელარუსი ხალხის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ბელარუსის სამთავრობო მედია თანამონაწილე იყო ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად გატარებული უმკაცრესი ზომებისა. ნაძალადევი, ტელევიზიით გადაცემული „აღიარებები“ პოლიტიკური პატიმრების მხრიდან მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ გახდა სამთავრობო მედია ბელარუსის სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის ნაწილი. ჩვენ ასევე ვაკვირდებოდით, როგორ ეხმარება სამთავრობო მედია ბელარუსის ოფიციალურ პირებს ევროკავშირში მიგრაციის იარაღად ქცევის საქმეში. უფრო მეტიც, ლუკაშენკას რეჟიმი და მისი მედია აპარატი ჩართულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერაში. ბელარუსულმა უწყებებმა რეპრესიები დაიწყო სოციალურ მედიაშიც. მაგალითად, ბევრი ცნობილი დამოუკიდებელი Telegram არხი „ექსტრემისტულ მასალად“ გამოცხადდა.