ტელეკომპანია „იმედი“: პროპაგანდისტული მეგაფონი ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ
„იმედი“, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, გადაიქცა მმართველი პარტიის ყველაზე ძლიერ პროპაგანდისტულ მანქანად, რომელიც უწყვეტად ავრცელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და იმეორებს დეზინფორმაციას კრემლის სტილში. ბოლო ათწლეულში ეს სატელევიზიო არხი პარტია „ქართული ოცნების“ და მისი მზარდი ავტორიტარული დღის წესრიგის რუპორად ჩამოყალიბდა.
ეს სტატია მიმოიხილავს, როგორ მუშაობს ტელეკომპანია „იმედი“, როგორც პროპაგანდისტული მედიასაშუალება, რომელიც ამახინჯებს ევროკავშირის საზოგადოებრივ აღქმას, ლანძღავს მის წარმომადგენლებს და ეწევა დემოკრატიული ინსტიტუტების დელეგიტიმაციას საქართველოში.
ტელეკომპანია „იმედის“ მილიონერი მფლობელი
არხს ამჟამად ფლობს საქართველოსა და ამერიკის მოქალაქე, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელსაც კავშირები აქვს მსხვილ ადგილობრივ სამრეწველო სექტორებთან და სადავო ოფშორულ ქსელებთან. არხი ცენტრალურ მოთამაშედ გადაიქცა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ საინფორმაციო ეკოსისტემაში. კომპანია „ჰანიველ პარტნერსის“ მეშვეობით რუხაძე მნიშვნელოვან წილს ფლობს საქართველოს ფინანსურ და სამრეწველო სექტორებში, მათ შორის, ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „მაგთიკომი“, „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“, „ლიბერთი ბანკი“, „ჰანიველ ცემენტი“ და საკუთრივ ტელეკომპანია „იმედი“. გამოძიებათა თანახმად, „ჰანიველს“ კავშირი აქვს რუსეთის ბიზნეს-ელიტებთან, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის კომპანიონებთან, რაც იწვევს შეშფოთებას საქართველოს დომინანტური მედიასაშუალების უკან პოტენციური უცხოური გავლენის შესახებ.
2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ „იმედი“ ზუსტად გადმოსცემს პარტიის პოლიტიკურ ხაზს: ახდენს ოპოზიციის დემონიზებას, ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას და ავრცელებს ღიად ანტიდასავლურ ნარატივს. 2024 წელს რუხაძემ დაუფარავად აღიარა, რომ „იმედის“ მიზანი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ (ენმ) ხელის შეშლა ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რითაც, ფაქტობრივად, გამოაცხადა მედიასაშუალების პარტიული ერთგულება.
ანტიევროკავშირული განწყობის ხელოვნურად შექმნა
„იმედის“ სარედაქციო სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია მმართველი პარტიის ანტიდასავლური ნარატივის გაძლიერება და ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების დისკრედიტაცია.
ტელეკომპანია „იმედის“ ყველაზე მზაკვრული ნარატივია იმის მტკიცება, რომ თითქოს დასავლეთი (ევროკავშირის ჩათვლით) აწყობს შეთქმულებას „ქართული ოცნების“ მთავრობის ჩამოსაგდებად და ამისთვის აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. ამ ნარატივის მიხედვით, დასავლური მთავრობები ცდილობენ, თბილისში მოიყვანონ თავიანთი „აგენტები“ და ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთა მიზანია მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს გაწირვა ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ სასარგებლოდ. ამ დღის წესრიგის პოპულარიზაციისთვის ტელეკომპანია „იმედი“ ხშირად ავრცელებს ყალბ ან მანიპულაციურ შინაარსს და აქტიურად აძლიერებს საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განცხადებებს.
ცილისმწამებლური კამპანიები ევროკავშირის დიპლომატების წინააღმდეგ
ამ კამპანიის მთავარი სამიზნე გახდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არაერთხელ შეეჩეხა თავდასხმებსა და ცილისმწამებლურ კამპანიებს ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან. ეს ცილისმწამებლური კამპანიები პირდაპირ იმეორებს „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკას. არხი რეგულარულად ავრცელებს ყალბ და მადისკრედიტირებელ შიგთავსს: აბრალებს მას პოლიტიკაში ჩარევას, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას, დიპლომატიური ნორმების დარღვევას, ოპოზიციის მოკავშირეობას და საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვას.
განსაკუთრებით პროვოკაციული შინაარსის ნიმუშია სტატია, რომელიც ჰერჩინსკის წარმოაჩენს არა როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, არამედ როგორც „კორუმპირებული ევრობიუროკრატიის ერთგულ მონას, რომელიც ასრულებს ფონ დერ ლაიენების, კუბილიუსების და სხვა ე.წ. „დიპ სტეიტის“ წარმომადგენელთა მითითებებს“. ამავდროულად, სხვები ამტკიცებენ, რომ თითქოს ის დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდა და წითელი ხაზები გადაკვეთა ან გახდა „დიპლომატიას ამოფარებული მავნებელი, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ატარებს“.
ეს თავდასხმები იზოლირებული შემთხვევები არაა. „იმედისა“ და „ქართული ოცნების“ ტანდემს, როგორც წესი, მხარს უჭერს კრემლთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „Sputnik საქართველო“, რომელიც აძლიერებს შესაბამისობას „ქართული ოცნების“ შიდა ნარატივებსა და უფრო ფართო რუსულ სამთავრობო სადეზინფორმაციო ღონისძიებებს შორის.
თავდასხმა ევროკავშირის სხვა ოფიციალურ პირებსა და წევრ სახელმწიფოებზე
„იმედის“ მტრული დამოკიდებულება ევროკავშირის ელჩით არ შემოიფარგლება. არხი აგრესიულად უტევს ევროკავშირის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, მათ, ვინც აკრიტიკებს დემოკრატიულ უკუსვლას თუ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აღმოჩნდა თავდასხმების სერიის სამიზნე მას შემდეგ, რაც მან დაგმო „ქართული ოცნების“ ძალადობრივი რეაქცია მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ. „იმედმა“ მას უწოდა ანტიქართველი, არასერიოზული და ისიც კი ითქვა, რომ თითქოს ის „შავი ფულის“ შემოტანას ცდილობდა, რომ ხელისუფლებაში მოეყვანა „დიპ სტეიტის“ დამქაშები და ძირი გამოეთხარა საქართველოს სუვერენიტეტისთვის.
ანალოგიურად, გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს დააბრალეს დიპლომატიური ნორმების დარღვევა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მითითებების მიცემა და „აგენტურის“ კოორდინატორად გახდომა. „იმედის“ რეპორტაჟებში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ფიშერი საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოსათხრელად მუშაობდა, რაც თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს „ქართული ოცნების“ თეზისებს.
პოლიტიკურად მგრძნობიარე სასამართლო სხდომებზე დასწრების და პრესის თავისუფლებისთვის მხარდაჭერის გამოხატვის გამო თავს დაესხნენ ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების დიპლომატებს, მათ შორის, საფრანგეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და გერმანიის წარმომადგენლებს. გაშუქებისას მათ სასამართლო პროცესებზე დასწრებას უწოდებდნენ „სასამართლო დამოუკიდებლობაზე თავდასხმას“ და „გარე ჩარევას“.
ევროპარლამენტის დისკრედიტაცია
ტელეკომპანია „იმედმა“ მნიშვნელოვანი საეთერო დრო დაუთმო ევროპარლამენტზე თავდასხმას, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მან მიიღო რეზოლუციები, რომლებიც გმობს საქართველოს სვლას ავტორიტარიზმისკენ. ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა შეტყობინებები, რომლებშიც ამბობენ, რომ რეზოლუციებს არაფრის ფასი აქვს, და მათ უწოდებენ „ცარიელ სიტყვებს“, „ფარატინა ქაღალდს“ და „უსაფუძვლო ჩარევას“.
არხი უშვებდა ისეთ სათაურებს, როგორიცაა: „პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუცია“, „ევროპელი ბიუროკრატების რეზოლუცია“, „ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან“;
რეპორტაჟებში ავრცელებდნენ შეთქმულების კლასიკურ თეორიებს დასავლურ „დიპ სტეიტზე“, რომელიც თითქოს საქართველოში მართავს მოვლენებს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ წარმოაჩენდნენ „ეროვნული სუვერენიტეტის მცველად კორუმპირებული და კოლაფსის პირას მყოფი დასავლური ინსტიტუტების პირისპირ“.
პროპაგანდისტული მანქანა კრემლის ჩრდილში
სულ უფრო რთულდება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ნარატივების გარჩევა კრემლის სადეზინფორმაციო ტაქტიკისგან. „იმედი“ წამყვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრაში და მისი ევროპული ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაში, ახდენს რა ევროკავშირის დემონიზებას, თავს ესხმის მის დიპლომატებს და დისკრედიტაციას უწევს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
ტელეკომპანია „იმედი“ ანტიევროპული და ავტორიტარული ნარატივების პროპაგანდისტული მეგაფონია და საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებასა და გულდასმით გამოძიებას იმ სუბიექტებთან კავშირების მხრივ, რომლებიც ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს.