საქართველოს კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ: სუვერენიტეტის დაცვა თუ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა?
საქართველოს მთავრობამ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო „უცხოეთის აგენტების“ ახალი კანონის ამოქმედების წინ.
1 ივნისიდან მოსალოდნელია საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კანონის, ახლახან მიღებული უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA-ს) აღსრულება. კანონის აღსრულებისთვის მოსამზადებლად მთავრობამ ორკესტრირებული კამპანია წამოიწყო საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და მოქალაქეების დასარწმუნებლად იმაში, რომ თითქოს კანონი საჭიროა ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის. ეს კამპანია შეიცავს დეზინფორმაციისა და მანიპულაციის ელემენტებსაც. ამ ნარატივებიდან ბევრი ვრცელდება პროკრემლისტური პროპაგანდისტული წყაროების მიერ, რომლებიც ხშირად უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ მოქმედებებს.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს სცადა „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება, მაგრამ იძულებული გახდა, უკან გაეტანა მას შემდეგ, რაც ამან მასობრივი საპროტესტო ტალღა ააგორა მთელ საქართველოში. წინა წელს კი, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მოახერხა და მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, 2023 წლის კანონპროექტის სახელშეცვლილი ვერსია. ბევრის გასაკვირად, 2025 წლის დასაწყისში მან ასევე მიიღო აშშ-ში მოქმედი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA-ს) ზუსტი ასლი, მაგრამ მისი აღსრულების ამერიკული იურიდიული პრაქტიკის გარეშე.
უცხოური გავლენის შეზღუდვა
წლის დასაწყისში FARA-ს მიღების მომენტიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათთან დაკავშირებული პირები და პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხები აქტიურად უჭერენ მხარს ამ კანონს, ავრცელებენ რა აზრს იმის შესახებ, რომ ადრე მიღებულმა კანონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სრულად ვერ აღმოფხვრა ფარული უცხოური დაფინანსების პრობლემა; მათი თქმით, FARA იქნება იმის გარანტია, რომ მტკიცედ იყოს დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები.
„ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ FARA იქნება ერთ-ერთი საშუალება, რომელიც დაიცავს ქვეყნის უსაფრთხოებას და გარე აქტორებს ხელს შეუშლის საქართველოში არეულობის დაფინანსებაში.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღიარებენ, რომ FARA უფრო მკაცრია, ვიდრე 2024 წლის კანონი, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ის ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვით იმუშავებს. FARA-ს შემოღება ძირითადად აიხსნებოდა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების სხვადასხვა გზავნილით, რომლებშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადრე მიღებულმა „გამჭვირვალობის” კანონმა ვერ შეძლო საქართველოს დაცვა გარედან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან, რომლებიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას.
FARA-ს კანონის განმარტებითი ბარათი, რომლის შემქმნელადაც „ქართული ოცნების“ ნამდვილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევა, მკაფიოდ მიუთითებს, რომ მისი სამიზნეა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც არ აპირებენ რეგისტრაციას რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის შესაბამისად. „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი კანონის მიღების გასამართლებლად მოიშველია შეთქმულების თეორიები ეგრეთწოდებული „გლობალური ომის პარტიის“ თუ „დიფ-სთეითის“ შესახებ.
ამერიკული მოდელი, FARA-ს გზა
FARA-ს მიღების ახსნასა და გამართლებას ასევე ცდილობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ ზუსტად იმავე კანონზე მითითებით. თუ კანონს ხარვეზები აქვს, მათი თქმით, საჩივრის ადრესატი აშშ უნდა იყოს. ამ ტრიუკით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამორიცხეს ყოველგვარი პოტენციური კრიტიკა უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მხრიდან, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მტკიცებით, სცადეს, ძირი გამოეთხარათ ეგრეთწოდებული გამჭვირვალობის კანონისთვის შეთქმულებებისა და დეზინფორმაციის მეშვეობით.
მართლაც, „ქართულმა ოცნებამ“ იზრუნა იმაზე, რომ პარლამენტში შეტანილი და მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი ყოფილიყო, მორგებული საქართველოს საკანონმდებლო რეალობას. ამგვარად, „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული პირები შეეცადნენ, თავიდან აერიდებინათ შედარება რუსული სტილის „უცხოეთის აგენტების“ კანონთან, რომელიც 2023 წელს გაიწვიეს: ბოლოსდაბოლოს, არავის ენდომებოდა ამერიკული FARA-სთვის „რუსული კანონის“ დარქმევა.
მაგრამ ეშმაკი წვრილმანებშია: ეს ის კანონი არაა, რომელიც აშშ-ში მოქმედებს
საქართველოში 100-ზე მეტმა სამოქალაქო ჯგუფმა და ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ კანონი მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ხოლო FARA-ს ქართული ვერსია სხვაგვარად შეფუთული რუსული კანონია. მათ აღნიშნეს, რომ ამერიკული კანონი „არ ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის მუშაობას“, ხოლო ქართული ვერსია ორივეს წინააღმდეგაა მიმართული. ეს აღნიშნული იყო თვითონ კანონის განმარტებით ბარათშიც.
FARA-ს კრიტიკოსებზე თავდასხმა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ისინიც, ვინც ქართულ FARA-ს ეწინააღმდეგებიან იმ არგუმენტით, რომ მაშინ, როცა აშშ FARA-ს გამკაცრებას განიხილავს, საქართველოსნაირ ქვეყნებს ეკრძალებათ ზუსტად იმავე კანონის ქონა.
სხვებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთი უცხოელი პატრონებისგან მიიღეს ახალი დავალება, რომელიც გულისხმობს FARA-ს ქართული ანალოგის მონათვლას „რუსულ კანონად“. მათ ასევე ივარაუდეს, რომ ეს ტაქტიკა ვერ იმუშავებდა, რადგან „რუსული კანონი“ ამერიკული მოდელის პირდაპირი თარგმანი იყო.
არეულობის თავიდან აცილება
„ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიხედვით, FARA-სთან დაპირისპირება ემთხვევა დასავლურ დღის წესრიგს, რომლის მიზანია საქართველოში არეულობის გამოწვევა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ხოლო „ქართული ოცნება“ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტადაა გამოყვანილი. მათი თქმით, უცხოური დაფინანსება საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. ზოგმა აღნიშნა, რომ არეულობის გამოწვევის ასეთ მცდელობებს FARA გამჭვირვალეს გახდიდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ასევე მოიხმეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული „აღმოჩენები“, რომლებიც ეხება USAID-სა და სხვა სააგენტოებს და თითქოსდა მათ მიერ დაფინანსების გამოყენებას სხვა ქვეყნების საქმეებში ჩასარევად. მათი მტკიცებით, ქართული FARA ქვეყანაში დემოკრატიის დაცვის მექანიზმია. უცხოეთის აგენტების კანონის გასამართლებლად „ქართულმა ოცნებამ“ შედარებები კი გააკეთა აშშ-სთან, მაგრამ გამორჩა მნიშვნელოვანი რამ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოხდა: ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორ პამ ბონდის მემორანდუმი, რომლის მიხედვით FARA შეიზღუდა და გამოიყენება იმ შემთხვევებში, რომლებიც უფრო მეტად ჰგავს ტრადიციულ ჯაშუშობას უცხოეთის მთავრობების მხრიდან. იმავე მემორანდუმით დაიშალა „სამუშაო ჯგუფი უცხოური გავლენის საკითხებში“ და „კორპორაციული სამართალდაცვის ქვეგანყოფილება“ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების განყოფილებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც უცხოეთის აგენტები
FARA-ს მხარდამჭერი პროსამთავრობო პროპაგანდის წინა პლანზე იყო სამოქალაქო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმოჩენა მარიონეტებად და დასავლური ჩარევის ინსტრუმენტებად. 2023 წელს „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის პირველად შეტანის მომენტიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და კრიტიკული მედია ხშირად ხდებოდა დისკრედიტაციის სამიზნე. მათ ხშირად წარმოაჩენდნენ უცხოური ინტერესების მსახურებად ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად. ასეთი მიდგომის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებისადმი ნდობის გაქრობა. იხილეთ ჩვენი სტატიები.
პარლამენტში FARA-ს წარდგენასა და მიღებას თან ახლდა სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი შეტყობინებების უზარმაზარი ტალღა თვითონ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებისა და პროპაგანდისტული საშუალებების მხრიდან. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში, უცხოური დაფინანსებით რევოლუციის მოწყობის მცდელობასა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაში. მათი მტკიცებით, FARA უზრუნველყოფდა, რომ ამ თითქოსდა პროვოკაციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ შესძლებოდათ დაფინანსების გამჭვირვალობის თავიდან აცილება მომავალში.
პროკრემლისტური დეზინფორმაცია FARA-ს მხარდასაჭერად
საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პროკრემლისტური სადეზინფორმაციო წყაროები აქებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, განსაკუთრებით, მაშინ, როცა მას აკრიტიკებდა სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს უცხოელი პარტნიორები ანტიდემოკრატიულობისა და ანტიდასავლურობის გამო.
გამონაკლისი არაა არც FARA-ს ქართული ანალოგის მიღება, რაც დიდი ალბათობით, განსხვავებული აზრის შესაზღუდად იქნება გამოყენებული. ეს წყაროები დადებითად აფასებდნენ „ქართული ოცნების“ მიერ FARA-ს მიღების გადაწყვეტილებას და მას უწოდებდნენ ყველა მოღალატის აუცილებელი დასჯისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამასთანავე, პროკრემლისტური წყაროები აშუქებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ქართული FARA-ს მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებს და ასევე, თავს ესხმოდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, უცხოელ დონორებსა თუ დიპლომატიურ მისიებს. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმაც გააძლიერა „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული მცდარი ნარატივები უცხოეთის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების დაფინანსებისა და მხარდაჭერის შესახებ და გამოაქვეყნა ცრუ განცხადება, რომლის მიხედვით, ევროკავშირი, თითქოს, 120 ევროს უხდიდა აქციის თითო მონაწილეს.
აზერბაიჯანული წყაროები აქებს საქართველოს მიერ FARA-ს მიღებას
„ქართული ოცნების“ მიერ FARA-ს ქართული ვერსიის მიღებამ აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ყურადღებაც მიიპყრო. ზოგმა თბილისს მოუწონა იმის მიხვედრა, რომ საქართველოში მიმდინარე ქაოსი გამოწვეულია დასავლურ დაფინანსებაზე დამოკიდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. სხვებმა წამოწიეს იდეა, რომ საქართველოს „უცხოეთის აგენტების“ კანონი აზერბაიჯანის მაგალითს მიჰყვებოდა და თბილისმა ბაქოს ეფექტიანი ინსტრუმენტი დანერგა უცხოური გავლენის წინააღმდეგ. მას წარმოაჩენდნენ, როგორც სანიმუშო პასუხს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც „ფერადი რევოლუციების“ მოწყობისკენ იყო მიმართული.