ყალბი ვიდეო: როგორ ცდილობდა პროკრემლისტური მედია უკრაინის დადანაშაულებას მიგრანტებისთვის ცეცხლის გახსნაში

Click here to request the narration for this article

მსგავსი კადრები ვიდეოთამაშში ან ტრილერში ნანახი გექნებათ: ინფრაწითელი კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს ხალხის რიგი, რომელიც ნელა მოძრაობს სიბნელეში. მოულოდნელად ისინი ჩასაფრებაში ხვდებიან ინტენსიური ცეცხლის ქვეშ. საბოლოოდ, მიწაზე უძრავი სხეულები რჩება…

პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინტერნეტში მოპოვებულ ვიდეოს, რომლითაც ამტკიცებენ, რომ თითქოს უკრაინელი მესაზღვრეები თავს დაესხნენ და დახოცეს არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ბელარუსიდან უკრაინაში შესვლას ცდილობდნენ ჩერნობილის დახურული ზონის გავლით.

ეს ბრალდებები ჰგავს ადრინდელ მცდელობებს, როცა პოლონეთსა და ლიეტუვას მიგრანტების არაჰუმანურ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ. ისინი უნდა განვიხილოთ, როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციის კონტექსტში, ისე უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე.

უკრაინის ხელისუფლებამ გამოავლინა ვიდეოს სიყალბე.

ვიდეო და მისი გავრცელება

ვიდეო პირველად Facebook-ზე გამოჩნდა 2021 წლის 1 დეკემბერს. ის გაზიარდა ვასილ რუმაკის ანგარიშიდან (თვითონ ვიდეოს გადაღების თარიღად მითითებული იყო 29 ნოემბერი). მოგვიანებით უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ამ Facebook-ანგარიშის მფლობელმა თქვა, რომ ვიდეო მას არ გამოუქვეყნებია, ანგარიში გაუტეხეს და მასზე წვდომა აღარ ჰქონდა.

Facebook-ზე პირველად გამოჩენის შემდეგ ვიდეო რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელდა: ის გააზიარა Telegram-ის არხმა Охранитель (რუს: დამცველი), საიდანაც ის გადააზიარა Telegram-ის არხმა, სავარაუდოდ, RT-ის ჟურნალისტმა და ბოლოს, აღმოჩნდა Telegram-ის არხზე Sputnik Belarus გამოქვეყნებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში. ვიდეოს ასლების გავრცელების არეალმა მოიცვა Telegram, VKontakte და Odnoklassniki. რამდენიმე რუსულმა YouTube-არხმაც გამოაქვეყნა იგი.

აქედან კი ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი მსხვილ პროკრემლისტურ მედიასაშუალებებამდე, როგორიცაა სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, რომელმაც ვიდეო „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციად“ მონათლა და უკრაინელი მესაზღვრეების მიერ მიგრანტების სავარაუდო დახოცვის შესახებ გვამცნო.

ასეთი შეტყობინებები სწრაფად ვრცელდება რუსულენოვან პროკრემლისტურ მედიასივრცეში, ჩნდება ახალი ამბების შემგროვებელ საიტებზე: RIA FAN, SouthFront, Donbass Insider და სხვა სადეზინფორმაციო საშუალებებზე.

ჰაკერული თავდასხმები

აღსანიშნავია, რომ მიგრანტების მიმართ უკრაინის თითქოსდა სასტიკი და არაჰუმანური დამოკიდებულების წარმოჩენა კიბერელემენტებსაც მოიცავდა. სოციალურ მედიაში გამოჩენამდე ისტორია გულდასმით დადეს გატეხილ უკრაინულ საიტებზე, რომლებსაც შემდეგ მისი ნამდვილობის დასადასტურებლად იმოწმებდნენ.

2 დეკემბერს რეგიონული ახალი ამბების ვებსაიტმა Zhitomir News გაავრცელა განცხადება, რომ ვებსაიტი გაუტეხეს და კიბერთავდამსხმელებმა რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნეს სტატია, რომელიც გაყალბებულ სკრინშოტს შეიცავდა, რომელიც თითქოსდა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის (SBGS-ს) ოფიციალური ვებსაიტიდან იყო აღებული.

Zhitomir News-ის ვებსაიტზე დევს SBSG-დან აღებული გაყალბებული სკრინშოტი

სკრინშოტზე თითქოს ნაჩვენებია ახალი ამბავი, რომელიც 29 ნოემბრით თარიღდება (ვიდეოს თანახმად, ამ დროს დახოცეს მიგრანტები). ახალი ამბავი გვაუწყებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარზე მომხდარი ინციდენტი „აღიარა“. რა თქმა უნდა, 29 ნოემბერს (და არც სხვა დროს) SBGS-ს ვებსაიტზე ასეთი სტატია არ გამოქვეყნებულა. როგორც ჩანს, კიბერთავდამსხმელებმა იოლი გზა აირჩიეს და ისეთი პატარა ვებსაიტი გატეხეს, როგორიცაა Zhitomir News და ოფიციალურ სამთავრობო პორტალს მოერიდნენ.

მედიის სამეთვალყურეო არასამთავრობო ორგანიზაციამ, Detector Media-მ განაცხადა, რომ ვებსაიტი გაუტეხეს. თავდამსხმელებმა 29 ნოემბრის სტატია შეცვალეს ყალბი ამბით სასაზღვრო ინციდენტის შესახებ და გაუკეთეს მყვირალა სათაური თითქოსდა უკრაინელი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით ძალაუფლების მიტაცების შესახებ.

ვებსაიტებზე დადებული და გაყალბებული ამბების სკრინშოტები რუსულენოვან ონლაინგამოცემებში და სოციალური მედიის რამდენიმე არხზე გაავრცელეს „ინციდენტის“ აღნიშვნით.

ქცევითი მოდელი

ყალბი ვიდეოს გავრცელება პროკრემლისტური გამოცემების მიერ ინფორმაციის მანიპულაციის უკვე განსაზღვრულ მოდელს მიყვება. პირველ რიგში, ესაა რამდენიმე ვებსაიტის გატეხა ფალსიფიცირებული ამბისთვის საფუძვლის შესაქმნელად. ვებსაიტებზე დადებული გაყალბებული სკრინშოტები დამხმარე მასალის („მედიაში გავრცელებული ინფორმაციის“) როლს ასრულებდა და ფაბრიკაციისთვის სანდოობის მინიჭებას ისახავდა მიზნად. ამის შემდეგ, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა კონტენტი იმ იმედით, რომ ამბავს ბევრი ადამიანი ნახავდა. და ბოლოს, ამბის გაძლიერება მსხვილი პროკრემლისტური მედიასაშუალებების გამოყენებით („მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციის“ მოშველიებით).

საკმაოდ ძნელია უკრაინის დისკრედიტაციის ამ მცდელობის ეფექტურობისა და შედეგის შეფასება. თუმცა, ნათელია, რომ ის გამოჩნდა სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე (Facebook, Telegram, VK, OK, Youtube), რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფ მსხვილ საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე და რამდენიმე პროკრემლისტურ მედიასაშუალებაში რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ზოგიერთი წინასწარი დათვლით, ვიდეო 200 000-ზე მეტჯერ ნახეს VKontakte-ზე, Odnoklassniki-ზე და Youtube-ზე და 400-ზე მეტჯერ ახსენეს სხვადასხვა ბლოგზე, ფორუმსა და ონლაინმედიაში.

კომუნიკაციის მოდელი

უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში იყო პროკრემლისტური დეზინფორმაციის მნიშვნელოვანი სამიზნე. ასე რომ, მსგავსი დეზინფორმაციული შეტყობინებების გამოჩენა მოსალოდნელი იყო და გასაკვირი არ არის. წარსულში პროკრემლისტური მედია ემოციურ (და მანიპულაციურად დამუშავებულ) კონტენტს იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ თავისი აუდიტორიის განსაწყობად.

კონკრეტულად ეს ვიდეო ასევე უნდა განვიხილოთ უკრაინის საზღვრების გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის კონტექსტში და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციის ფონზე.

ვიდეოთი გადმოცემული შეტყობინება — თითქოსდა მიგრანტების წინააღმდეგ უკრაინელმა მესაზღვრეებმა სისასტიკე გამოიჩინეს — გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლუკაშენკოს მხარდამჭერ და პროკრემლისტურ დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებიც ევროკავშირს არაჰუმანურობას აბრალებს მიგრანტებთან მიმართებით. ეს ნარატივი სრულ თანხვედრაშია კრემლის მცდელობებთან, უკრაინა წარმოაჩინოს აგრესიულ, მილიტარისტულ სახელმწიფოდ, რომელსაც თითქოსდა არაფრად უღირს ადამიანის უფლებები და ადამიანის სიცოცხლე — ამ ყველაფრის მიზანი კი რუსეთის მიერ თავისივე აგრესიული მოქმედებების გამართლებაა.

 

წაიკითხეთ დამატებით:

კრემლის მიერ გავრცელებული ტყუილების ფარდის უკან რუსული სამხედრო დანაყოფები იმალება

დეზინფორმაცია რეჟიმის სამსახურში:

„ზაპადი-2021“-მა გვაჩვენა რუსული შეიარაღება — და დეზინფორმაცია

დეზინფორმაციის თავმოყრა: პროკრემლისტური მედიის ყურადღების ცენტრში ისევ უკრაინაა

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    Why do you not like our audio?

    it will help us to improve it

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist