ომი სიმართლისთვის: რუსული დეზინფორმაცია და საქართველოს ევროპული გზა

Click here to request the narration for this article

პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, 2028 წლამდე შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოს მასშტაბით მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ახალი სული შთაბერა. ეს დემონსტრაციები 2024 წლის ოქტომბრის, სავარაუდოდ, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, რასაც მთავრობამ განგრძობითი და ძალადობრივი საპოლიციო ზომები დაუპირისპირა. არაპროპორციული ძალა გამოიყენეს დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ევროკავშირთან ინტეგრაციის გზიდან „ქართული ოცნების“ გადახვევის წინააღმდეგ მიმართული მზარდი წინააღმდეგობის პირისპირ, პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა საქართველოში გაავრცელეს დეზინფორმაციული კამპანიები, რომ მოეხდინათ პროევროპული დემონსტრანტების დისკრედიტაცია, დაემცროთ პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის მასშტაბი და საქართველოს დასავლელი მოკავშირეები წამქეზებლებად წარმოეჩინათ.

იგივე წყაროები მხარს უჭერენ რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას. პროკრემლისტური დეზინფორმაცია, განსაკუთრებით, საქართველოში ხშირად ირეკლავს „ქართული ოცნების“ გზავნილებს. ამავდროულად, რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები, მაგალითად, „სპუტნიკი“ ამავე ნარატივებს იმეორებს ოდნავ დახვეწილი ფორმით.

ტყუილის გულისთვის

საქართველოში მოქმედი პროკრემლისტური მედიასაშუალებების სამიზნე ოპოზიციური პარტიები და საპროტესტო საზოგადოებაა, რომლებსაც ისეთ დამამცირებელ იარლიყებს აწებებენ, როგორიცაა „ლიბერალ-ფაშისტები“, მოღალატეები და დასავლეთის მარიონეტები. მათი მიზანია ევროპული ინტეგრაციის მომხრეთა დისკრედიტაცია. ზოგიერთის განცხადებით, საქართველოში ცდილობენ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად დამხობას.

კომენტატორებმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნაწილად წარმოაჩინეს და დააბრალეს, რომ დასავლეთის აგენტია და უცხოური დაზვერვის სამსახურებისთვის მუშაობს. ამ განცხადებების თანახმად, დასავლეთი ღიად უჭერს მხარს ოპოზიციას, რომელსაც „მეხუთე კოლონის“ იარლიყს აწებებენ — ეს კრემლის გავრცელებული მეთოდია. ამავდროულად, პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწერეს დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება.

ზოგიერთი ბრალდება აბსურდშიც კი გადაიზარდა. ერთ-ერთმა კომენტატორმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტესტის მუხტის გაძლიერების მიზნით ბავშვების შეწირვის მოწოდება გააკეთა; სხვა სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ მაკკეინის ინსტიტუტმა მოუწოდა ხალხს „საკრალური მსხვერპლისკენ“, რაც სრული ფაბრიკაციაა. ამგვარ განცხადებებში პროტესტის წარმართვაში ასევე დადანაშაულებულია დასავლური ორგანიზაციები, ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური მისიები.

დემონსტრანტების შერაცხვა „საზარბაზნე ხორცად“

რუსული სამთავრობო მედია, როგორიცაა „სპუტნიკი“ ოპოზიციას ბრალს სდებს შეტაკებების დროს საზარბაზნე ხორცად ხალხის გაწირვაში. სინამდვილეში, დემონსტრანტები თავიანთი ნებით დისტანცირდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურებისგან და ხელი ააღებინეს მათ საპროტესტო აქციებზე სიტყვით გამოსვლაზე.

„სპუტნიკმა“ არასაკმარისად გააშუქა პოლიციის მხრიდან ძალადობა და მეტიც, შეაქო სამართალდამცავი ორგანოები პროფესიონალიზმის გამო, ადამიანთა უფლებების მასობრივად დარღვევის შესახებ ფართოდ გავრცელებული ვიდეოების მიუხედავად. დემონსტრანტებს ექსტრემისტებსა და რადიკალებს უწოდებდნენ და „საჭირო გახდა მშვიდობის დამყარება“ — ამ ფრაზას იმეორებდა სამთავრობო არხი ძალადობრივი ზომების გამართლების მიზნით. „სპუტნიკ-საქართველოს“ მტკიცებით, დემონსტრანტები „მაიდანის“ სცენარს მიჰყვებოდნენ.

ძველი მეგობრები, ახალი მტრები?

საქართველოში მოქმედმა პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა პროტესტი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ფერადი რევოლუციის“ მცდელობად შერაცხეს. მათ აშშ და ევროკავშირი დაადანაშაულეს არეულობისა და სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობაში.

ამგვარი ნარატივების სამიზნე გახდა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED). კერძოდ, მათ ადანაშაულებენ რევოლუციების დაფინანსებაში და საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაში. ეს კამპანია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების გადაწყვეტილება გამოსცა. კომენტატორები ასეთ ორგანიზაციებს ბრალად სდებენ სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას.

მედიასაშუალებები USAID-ს ადანაშაულებდნენ ფინანსური სახსრების იმგვარად მიმართვაში, რაც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და ისეთი კონსერვატიული ძალების ჩახშობას, როგორიცაა „ალტ-ინფო“, წარმოაჩენდნენ რა მას ქართული ტრადიციებისა და იდენტობის მტრად.

ეს ნარატივები თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ გზავნილებთან და საპროტესტო მოძრაობას დაგეგმილ გადატრიალებად წარმოაჩენს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებები დასავლეთს შანტაჟსა და ჩარევაში ადანაშაულებენ, აძლიერებენ რა საქართველოში „მაიდანის“ ტიპის გადატრიალების მოწყობის იდეას.

დააბრალე სხვებს საკუთარი დანაშაული

„სპუტნიკ-საქართველოს“ მტკიცებით, პროევროპული პროტესტი ორგანიზებულია დასავლური სადაზვერვო სამსახურების მიერ მომზადებული პროფესიონალების მიერ. „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთი“ აცხადებს, რომ აშშ იყენებს პროტესტის მონაწილეებს „ევრომაიდანის“ სცენარის გამეორებისთვის, ხოლო „სპუტნიკ-საქართველო“ ევროკავშირს ადანაშაულებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში.

ზოგიერთი მედიასაშუალება უფრო შორსაც წავიდა და საქართველოში მიმდინარე პროტესტი უკრაინის ომს დაუკავშირა. „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთის“ მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებულია საქართველოში რეჟიმის ცვლილებით, რომ საქართველოდან ჯარისკაცების მობილიზაცია შეძლოს.

ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის მენტალიტეტი

„სპუტნიკ-საქართველომ“ შეთხზა ნარატივი იმის შესახებ, რომ დასავლეთის გეგმით კავკასიაში „მეორე ფრონტი“ მზადდება რუსეთის წინააღმდეგ, „კურსკი-2“ სცენარით. ამ ნარატივის მიხედვით, დასავლეთის სტრატეგია გულისხმობდა სახელმწიფო გადატრიალებას, რასაც მოჰყვებოდა პროვოკაციები და უცხოელი სამხედროების ჩართულობით კონფლიქტის ესკალაცია ჩრდილო კავკასიაში.

მოსკოვი: დაგვიბრუნდით, დაგმეთ „სოდომური ევროპა“

პროკრემლისტური მედიასაშუალებები მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და მას დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე პასუხს უწოდებენ. ზოგიერთი ნარატივის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოჩენილია „სოდომური ევროპისგან“ გათავისუფლებად და ნამდვილი სუვერენიტეტისკენ სწრაფვად.

რუსულმა მედიასაშუალებებმა ქება არ დაიშურეს მთავრობის ნაბიჯების შესაფასებლად. „სპუტნიკ-საქართველოს“ განცხადებით, საქართველომ თავი დაიხსნა დასავლეთის მიერ ორგანიზებული „ფერადი რევოლუციისგან“

სად მიდიხარ, საქართველო?

პრორუსულმა მედიასაშუალებებმა მოითხოვეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რაც საქართველოს მომავლისთვის საჭირო ნაბიჯად წარმოაჩინეს. იწერებოდა სტატიები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდა ისეთ ალიანსებს, როგორიცაა 3+3 პლატფორმა, ბრიქსი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი.

ზოგიერთნი საქართველოს ხელისუფლების წევრებს მოუწოდებდნენ მოსკოვთან დიალოგის დაწყებისკენ, ხოლო რუსეთს წარმოაჩენდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაციის მიუხედავად.

რაც იყო, იყო

„სპუტნიკ-საქართველომ“ პროტესტს ოკუპირებული რეგიონები დაუკავშირა.

მედიასაშუალებები ავრცელებდნენ იდეას, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ზეწოლას ახდენდნენ ამ რეგიონებზე, ხოლო „სპუტნიკ-აფხაზეთმა“ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო განცხადებები ადასტურებს საქართველოს მომავალ განზრახვებს სოხუმისა და ცხინვალის მიმართ.

„სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთმა“ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ და წარმოედგინათ სამართლებრივი გარანტიები, ხოლო რუსეთი გამოიყვანა ნეიტრალურ მსაჯულად მიმდინარე ოკუპაციის პროცესში.

მტრები ყველგან

„სპუტნიკ-საქართველოს“ მტკიცებით, სომეხი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ პროტესტში. სხვა სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2 000 „პროფესიონალი მაიდანისტია“ მობილიზებული დემონსტრაციების სათავეში. „სპუტნიკმა“, ასევე, გამოაქვეყნა ანგარიშები რუსი მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აიძულებდნენ პროტესტში მონაწილეობას ან დევნიდნენ მხარდაჭერაზე უარის მიღების გამო.

დაუნდობელი დეზინფორმაციის ფონზე საქართველო დგას გზაჯვარედინზე სუვერენიტეტსა და დაქვემდებარებას, სიმართლესა და მანიპულაციას შორის. პროკრემლისტური ნარატივების მიზანია საზოგადოებრივი ნდობისთვის ძირის გამოთხრა, დემოკრატიული მისწრაფებების გაშავება და რეალობის გადაწერა უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ეს ორკესტრირებული პარანოია შეიძლება იყოს ძლიერი და შეუპოვარი, შექმნილი რეალობის დამახინჯებისა და უნდობლობის დათესვისთვის, მაგრამ ნუ მოტყუვდებით.

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    Why do you not like our audio?

    it will help us to improve it

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      [recaptcha]

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist